დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მხრიდან ოდესაზე გახშირებული იერიშების მიზეზების შესახებ წერს
დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა რუსეთის მხრიდან ოდესაზე გახშირებული იერიშების შესახებ წერს. როგორც თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, 2022 წლის აგვისტოდან 2023 წლის ივნისამდე პერიოდში, როდესაც შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა ჯერ კიდევ მოქმედებდა, რუსეთი ზოგადად თავს იკავებდა უკრაინის სამხრეთის პორტებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელებისგან.
ბრიტანეთის სპეცსამსახურების ცნობით, 18 ივნისის შემდეგ რუსეთმა გაზარდა დარტყმების რაოდენობა ოდესისა და სამხრეთ უკრაინის სხვა რაიონების წინააღმდეგ, რა დროსაც გამოიყენა განსაკუთრებით დიდი რაოდენობის Kh-22-ის (იგივე AS-4 KITCHEN-ის) ტიპის რაკეტები – 5, 5 ტონიანი რაკეტები, რომლებიც თავდაპირველად ავიამზიდების გასანადგურებლად შეიქმნა.
„ვინაიდან რუსეთმა ვერ განაახლა შეთანხმება, კრემლი , როგორც ჩანს, თავს გრძნობს პოლიტიკურად ნაკლებად შეზღუდულად და ცდილობ,ს დარტყმების განახორციელოს ოდესაში სამიზნეებზე, რადგან მიიჩნევს, რომ უკრაინა აღნიშნულ რაიონებში სამხედრო აქტივებს ინახავს“, – აღნიშნავენ ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში.
როგორც თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ჩერნომორსკის პორტში მარცვლეულის რამდენიმე საცავი, ასევე ოდესის ისტორიული ცენტრი. 24 ივნისს კი რუსეთმა დრონებით დარტყმები განახორციელა მდინარე დუნაიზე, რუმინეთის საზღვრიდან 200 მეტში მდებარე ნავსადგომებზე.
დაზვერვაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების კამპანია ხასიათდება ცუდი დაზვერვით და სამიზნეების არჩევის არაეფექტიანი პროცესით.