დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა - დონბასში უკრაინა ძალების ეფექტურ მართვას ინარჩუნებს, მაგრამ რუსეთს აქვს ადგილობრივი წარმატებები ლუგანსკში
დონბასში უკრაინა ძალების ეფექტურ მართვას ინარჩუნებს, მაგრამ რუსეთს აქვს რამდენიმე ლოკალური წარმატება ლუგანსკის რეგიონში. დასავლეთისკენ მისმა წინსვლამ შესაძლოა, წარმოშოს სირთულეები არმიის მომარაგებაში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
არსებული ცნობებით, რუსეთმა გაზარდა თავისი ოპერაციების ინტენსივობა დონბასში და ცდილობს, ალყაში მოაქციოს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და რუბიჟნე. ამ ოპერაციის ჩრდილოეთ და სამხრეთ ღერძი გაყოფილია დაახლოებით 25 კილომეტრით, უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიით.
„უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობა გასწიეს და მათმა ძალებმა კარგად განლაგებული თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს. როგორც ჩანს, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაცია ამ ფრონზე ეფექტურ კონტროლსა და ხელმძღვანელობას ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, რუსეთმა გარკვეულ ადგილობრივ წარმატებებს მიაღწია, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრირების გამო. რუსეთის მხრიდან სევეროდონეცკის „ჯიბის“ აღება მთელი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას გამოიწვევს. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთის მთავარი ძალისხმევა ეს არის, აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ რუსული კამპანიის ნაწილია მთელი დონბასის დასაპყრობად“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.
მათივე ცნობით, თუ დონბასში ფრონტის ხაზი უფრო დასავლეთით გადაიწევს, ეს გააფართოებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს და სავარაუდოდ შემდგომ მისი ძალები ლოგისტიკურ სირთულეებს წააწყდებიან.