დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი გამოიძახეს
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი სირიის აღმოსავლეთ ღუტაზე განხორციელებული ავიაიერიშებისა და ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობების გამო გამოიძახეს.
როგორც BBC იტყობინება, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღმოსავლეთ ღუტაში შექმნილი ვითარების გამო, ღრმა შეშფოთება გამოთქვა.
რუსეთის ელჩთან ალექსანდრ იაკოვენკოსთან შეხვედრის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალან დანკანმა აღნიშნა, რომ მოკლე ჰუმანიტარული პაუზები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს ვერ შეცვლის.
დანკანმა მოსკოვს მოუწოდა, გამოიყენოს თავისი გავლენა სირიის რეჟიმზე, რათა უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა და შესაძლებელი გახადოს ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა და სამედიცინო ევაკუაცია.
მანამდე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება არ უნდა დარჩეს დაუსჯელი.
უფლებადამცველების მონაცემებით, გასული კვირის შემდეგ აღმოსავლეთ ღუტაში რუსეთისა და სირიის ავიაციის იერიშებს 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.