დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინისადმი დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა ურყევია, პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ
დიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ ლამი რუსეთის მიერ კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე სარაკეტო იერიშს გმობს და უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
„რუსეთის თავდასხმა კიევში, ოხმატდეტის ბავშვთა საავადმყოფოზე, არის საშინელი თავდასხმა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე. ჩემი ფიქრები ყველა მსხვერპლთან და მათ ახლობლებთანაა. დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. პუტინის უკანონო ომში პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ“, – წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმას 28 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე შეტევა 38 ჰიპერბგერითი და სტრატეგიული რაკეტით განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 რაკეტა ჩამოაგდეს.