დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავისუფლებას სჭირდება დაცვა, სწორედ ამიტომ ლონდონი უსაფრთხოების სფეროში მტკიცე ურთიერთობებს ავითარებს მთელ მსოფლიოში
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადებით, „თავისუფლებას სჭირდება დაცვა და სწორედ ამიტომ ლონდონი უსაფრთხოების სფეროში მტკიცე ურთიერთობებს ავითარებს მთელ მსოფლიოში“.
მისივე თქმით, ავსტრალიასთან და აშშ-თან გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის ფარგლებში ბირთვული წყალქვეშა ნავების ფლოტის შექმნის გარდა, დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის აქტიურად დანერგვა.
„ეს აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი მიისწრაფვის, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში უსაფრთხოებას და სტაბილურობას შეუწყოს ხელი“, – წერს ტრასი „სანდეი ტელეგრაფში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
ამავე თემაზე კომენტარი გააკეთეს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა და თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა. როგორც მორისონმა განაცხადა, მისის მთავრობა „პირველ ადგილზე აყენებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს“. მორისონის თქმით, „საფრანგეთი ინფორმირებული იყო კანბერას ეჭვების შესახებ, რომ პარიზისგან კონვენციური წყალქვეშა ნავების შეძენის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, ავსტრალიის ეროვნულ ინტერესებს აღარ შეესაბამებოდა“.
როგორც ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საფრანგეთთან გაფორმებული კონტრაქტის ვადები გაჭიანურდა, ხოლო ბიუჯეტი გადამეტებული იყო. ამასთან, დატონმა, თქვა რომ ავსტრალია აპირებს, მომავალაშიც განაგრძოს მჭიდრო თანამშომლობა საფრანგეთთან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მიერ გაფორმებული შეთანხმება პარიზში მწვავედ გააკრიტიკეს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მომხდარს „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა და განაცხადა, რომ საფრანგეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობებში სერიოზული კრიზისია. მოგვიანებით, საფრანგეთმა აშშ-დან და ავსტრალიიდან ელჩები გაიწვია, ხოლო დიდი ბრიტანეთი „ოპორტიუნიზმში“ დაადანაშაულა.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთს და ავსტრალიის მიერ გაფორმებული უსაფრთხოების პაქტით, ვაშინგტონი კანბერს ბირთვული წყალქვეშა ნავების ტექნოლოგიების გადაცემას დაპირდა, შედეგად კი ავსტრალიამ კონვენციური წყალქვეშა ნავების საფრანგეთისგან შეძენაზე უარი განაცხადა.