დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კიევში დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერის საჩვენებლად ვიმყოფები
კიევში ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერის საჩვენებლად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა უკრაინის დედაქალაქში ვიზიტის დროს განაცხადა.
„ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მიუხედავად რუსეთის აგრესიისა უკრაინის წინააღმდეგ, კიევში ცხოვრება ჩვეულ რიტმში გრძელდება. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ უკრაინელი ხალხისა და მთავრობის თავშეკავებით. დიდი ბრიტანეთი თქვენ გვერდით დგას უკრაინის უფლების დაცვაში, რათა თავად განსაზღვროთ თქვენი ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
მისივე თქმით, დიდმა ბრიტანეთმა მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია უკრაინას.
ტრასის განცხადებით, ლონდონი აპირებს 100 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაზარდოს უკრაინის ფინანსური დახმარება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დემოკრატიისა და ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის.
თავის გამოსვლაში ლიზ ტრასმა ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია უკრაინასთან და პოლონეთთან ახალი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნებით.
„ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, სანქციების შემუშავების კუთხით, ენერგოუსაფრთხოებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. ეს აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა, მხარში დაუდგეს მოკავშირეებს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
მან რუსეთს ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა.
„მიუხედავად რუსეთის მტკიცებისა, მათი სამხედროების მობილიზაცია არ შენელებულა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მათი ჯარი გადის. ჩვენ გვჭირდება, რუსეთმა უფსკრულის კიდიდან უკან დაიხიოს. მათ უნდა აირჩიონ დიპლომატიის გზა. მე სერგეი ლავროვს პირადად ვუთხარი, რომ რუსეთმა უნდა სცეს პატივი უკრაინის სუვერენიტეტს და ჩაებას გონივრულ მოლაპარაკებებში. ისინი თუ ამ გზას არ აირჩევენ, მე ლავროვს გავაცანი ის საფასური, რომლის გადახდაც რუსეთს მოუწევს. ჩვენ მზად ვართ მოკავშირეებთან ერთად მძიმე საფასურის დასაწესებლად. ჩვენ შევთანხმდით უპრეცედენტო სანქციების პაკეტზე. აშშ მკაფიოდ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არ ამუშავდება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.