დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებმა შედეგი გამოიღო და შეამცირა „ჰუსიტების“ უნარი თავდასხმების განსახორციელებლად
დევიდ ქემერონი აცხადებს, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ქმედებებმა შედეგი გამოიღო და შეამცირა „ჰუსიტების“ უნარი თავდასხმების განსახორციელებლად

„ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის გემებზე 12-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა განაცხადა. ქემერონის თქმით, თავდასხმები მას შემდეგ მოხდა, რაც ათი დღის წინ აშშ-მა და ბრიტანეთმა „ჰუსიტებზე“ თავდასხმა განახორციელეს.

„ეს თავდასხმები არის უკანონო და მიუღებელი. ჩვენ გავაგზავნეთ მკაფიო მესიჯი, რომ გავაგრძელებთ მათი თავდასხმების უნარის დაქვეითებას. ჩვენ მოქმედებით ვასრულებთ ჩვენს სიტყვებსა და გაფრთხილებებს“, – განაცხადა ქემერონმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰუსიტების“ აღნიშნული ქმედება საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და ამწვავებს რეგიონში დაძაბულობას.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად დარწმუნებულია ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან „ჰუსიტებზე“ თავდასხმების ეფექტურობაში, ქემერონმა განაცხადა, რომ თავდასხმებმა პროგრესს მიაღწია და შეამცირა „ჰუსიტების“ უნარი თავდასხმების განსახორციელებლად.