დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი ლიზ ტრასი რუსეთს აფრთხილებს, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მისთვის სერიოზული ეკონომიკური შედეგები დადგება. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
ლიზ ტრასის განცხადებით, ლივერპულში ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა აჩვენებს ერთიანობას და რუსეთს მკაფიოდ დაანახებს, რომ ამგვარი ნაბიჯი „სტრატეგიული შეცდომა“ იქნება.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელის თქმით, „დიდი შვიდეული“ მტკიცედ არის განწყობილი, შეეწინააღმდეგოს რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ.
„თუ რუსეთი გადადგამს ამ ნაბიჯს, ეს იქნება სტრატეგიული შეცდომა და რუსეთისთვის იქნება სერიოზული შედეგები“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
აღსანიშნავია, რომ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ბრიტანელმა დიპლომატმა შეხვედრა გამართა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთან.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის დახმარებას. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მათთან, რათა დავეხმაროთ ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებაში, რომ ისინი არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ რუსულ ენერგორესურსებზე“, – განაცხადა ბრიტანეთის მინისტრმა.