დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი და ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის დასაუფლებლად იბრძვიან
დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (MI6) ხელმძღვანელის განცხადებით, დასავლური სამყაროს მოწინააღმდეგეები, როგორებიც რუსეთი და ჩინეთი არიან, იბრძვიან ისეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტის დასაუფლებლად, რომელსაც შეუძლია რევოლუციის მოხდენა გეოპოლიტიკაში მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.
როგორც მედია წერს, მსოფლიო სადაზვერვო უწყებები ლენგლიდან ლონდონამდე, ასევე მოსკოვიდან პეკინამდე ცდილობენ, გაუმკლავდნენ ტექნოლოგიის სეისმურ მიღწევებს, რომელიც გამოწვევის წინაშე აყენებს ტრადიციულად ადამიანური რესურსით მოპოვებულ სადაზვერვო ინფორმაციებს.
MI6-ის ხელმძღვანელის რიჩარდ მურის თქმით, კვანტური ინჟინერია, ბიოლოგიური ინჟინერია, მონაცემთა დიდი მარაგები და კომპიუტერული ენერგეტიკის მიღწევები წარმოადგენს იმ საფრთხეებს, რომლებსაც დასავლური სამყარო სათანადოდ უნდა მოეკიდოს.
„ჩვენი მოწინააღმდეგეები ხარჯავენ ფულს და ამბიციას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური გამოთვლისა და სინთეზური ბიოლოგიის დასაუფლებლად, რადგან იციან, რომ ამ ტექნოლოგიების დაუფლება მათ მისცემს ბერკეტს“, – განაცხადა მურმა.
მისივე თქმით, ტექნოლოგიურმა პროგრესმა მომდევნო ათწლეულის განმავლობაში შეიძლება, გასული საუკუნის ყველა ტექნიკურ პროგრესს გადააჭარბოს.
„როგორც საზოგადოება, ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ ამ ფაქტს და მის პოტენციურ გავლენას გლობალურ გეოპოლიტიკაზე, მაგრამ „MI6“-სთვის ეს ფოკუსის ქვეშაა“, – დაამატა მურმა.
მედიის ცნობით, დასავლური სამყაროს სადაზვერვო ორგანოები განსაკუთრებით შეშფოთებული არიან რუსული და ჩინური სადაზვერვო უწყებების ქმედებებით, რომლებიც დაჩქარებულ რეჟიმში იყენებენ მთელ რიგ თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხშირად უფრო სწრაფი ტემპებითაც, ვიდრე ამას დასავლეთი აკეთებს.
როგორც მედია წერს, დასავლური სადაზვერვო სააგენტოები შიშობენ, რომ ოფიციალურ პეკინს შეუძლია, ათწლეულების განმავლობაში დომინირება ჰქონდეს ყველა ძირითად განვითარებად ტექნოლოგიაზე, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტზე, სინთეზურ ბიოლოგიასა და გენეტიკაზე.
ჩინეთის ეკონომიკური და სამხედრო აღზევება ბოლო 40 წლის განმავლობაში განიხილება ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენად, 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად, რომელმაც „ცივი ომი“ დაასრულა.