დიდი ბრიტანეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მოწამლა
დიდი ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიცია მიიჩნევს, რომ ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მოწამლა, რომლის ზედმეტსახელია „გორდონი“.
ბრიტანული The Mirror-ის ცნობით, „გორდონი“ 54 წლისაა და ის მიხაილის სავიცკისის სახელსაც იყენებდა.
გამოცემის ცნობით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილი თანამშრომლის სახელი „სკრიპალების“ საქმეში“ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლონდონში კიდევ ერთი ყოფილი რუსი აგენტი ბორის კარპიჩკოვი დაკითხეს. კარპიჩკოვი წლების წინ გაიქცა რუსეთიდან დიდი ბრიტანეთში.
„კარპიჩკოვის თქმით, „გორდონმა“ რიგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა და აღმოსავლური ორთაბრძოლის ილეთებს კარგად ფლობდა. „გორდონი“ საკუთარ თავს წარმატებულ ბიზნესმენად ასაღებდა, რომელიც უსაფრთხოების სფეროში საქმიანობს. სპეცსამსახურებში მას კაპიტნის ჩინი ჰქონდა.“- წერს ბრიტანული The Mirror
გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პოლიციას მიაჩნია, რომ „გორდონმა“ უკვე დატოვა დიდი ბრიტანეთის ტერიტორია.
ბრიტანული „ტელეგრაფის“ ინფორმაციით, სკოტლან იარდში მიაჩნიათ, რომ სკრიპალების მოწამვლის საქმეში ექვსი პირისგან შემდგარი ჯგუფია გარეული. დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავ უწყებებში მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.