დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის თარიღის გადადებასთან დაკავშირებით შესწორებას დაუჭირა მხარი
დიდი ბრიტანეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ბრექსიტთან დაკავშირებით შესწორებას დაუჭირეს მხარი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვების თარიღის გადადებას გულისხმობს.
კერძოდ, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმება მანამ არ დამტკიცდება, სანამ თემთა პალატაში ბრექსიტისთვის საჭირო ყველა კანონს არ მიიღებენ. აღნიშნული შესწორებით კანონმდებლებმა ბრექსიტი შეთანხმების გარეშე თავიდან აიცილეს.
ბრექსიტის დოკუმენტზე დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები 17 ოქტომბერს, ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შეთანხმდნენ. ახალ შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ნაწილი უცვლელი დარჩა. დოკუმენტში ძირითადი ცვლილებები ჩრდილოეთ ირლანდიას ეხება.
ახალი შეთანხმების თანახმად, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის მოქმედ ნორმებს 2020 წლის ბოლომდე დაექვემდებარება. საჭიროების შემთხვევაში კი, უფრო ხანგრძლივადაც, რათა მეწარმეებს მიეცეთ ცვლილებებთან ადაპტირების შესაძლებლობა. ამასთან ერთად, გაერთიანებული სამეფო მაინც გადაიხდის ევროკავშირიდან გასვლის საფასურს. საუბარია 22 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე.
გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ევროკავშირის მოქალაქეთა უფლებები და ევროკავშირში მცხოვრები ბრიტანელების უფლებები გარანტირებული იქნება.