დიდი ბრიტანეთის მთავრობაში უარყოფენ ინფორმაციას, რომ სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია
დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სკრიპალების „ნოვიჩოკით“ მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ბენ უოლასმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
მანამდე ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციამ ვიდეოსათვალთვალო სისტემის საშუალებით სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები გამოავლინა.
ბრიტანული სააგენტოები წერდნენ, რომ ეჭვმიტანილები რუსები არიან და ამჟამად მიმდინარეობს ერთზე მეტი პირის ძებნა.
სერგეი და იულია სკრიპალები მარტის დასაწყისში ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოწამლეს. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
18 მაისს ცნობილი გახდა, რომ სერგეი სკრიპალი საავადმყოფოდან გაწერეს, მისმა შვილმა იულიამ საავადმყოფო მანამდე, 9 აპრილს დატოვა.
ივლისის დასაწყისში კი სოლსბერის მახლობლად, ქალაქ ეიმსბერიში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის ახალი შემთხვევის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მოწამლული ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა, მისი მეგობარი კაცი კი გადარჩა.