დიდი ბრიტანეთის მთავრობა ტერორიზმში ბრალდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობებს გადახედავს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ტერორიზმში ბრალდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობებს გადახედავს. ამის შესახებ განცხადება გაერთიანებული სამეფო იუსტიციის სამინისტროში გააკეთეს.
როგორც ცნობილია, 28 წლის უსმან ხანი, რომელიც ლონდონბრიჯზე დანით დაესხა თავს მოქალაქეებს და ორი ადამიანი მოკლა, ტერორიზმის მუხლით იყო გასამართლებული. ის 2018 წელს ვადაზე ადრე გათავისუფლდა ციხიდან.
აღნიშნული ტერაქტის შემდეგ ვადაზე ადრე გათავისუფლების პირობების და წესების გამკაცრების ინიციატივით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოვიდა.
ბორის ჯონსონმა ტერაქტის ადგილი თავად მოინახულა.
უკვე ცნობილია ლონდონბრიჯზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთის ვინაობა. ეს კემბრიჯის კურსდამთავრებული ჯეკ მერიტია. აღსანიშნავია, რომ მერიტი პატიმრების სარეაბილიტაციო პროგრამის ერთ-ერთი კოორდინატორი გახლდათ. ამ პროგრამის მონაწილეებს შორის იყო თავდამსხმელი უსმან ხანიც.
გამოძიების ცნობით, თავდამსხმელი თავდაპირველად ლონდონბრიჯის სიახლოვეს მდებარე შენობაში მიმდინარე ღონისძიების მონაწილეებს დაესხა თავს. მათ შორის იყო დაღუპული კურსდამთავრებულიც. შემდეგ კი ის ხიდისკენ გაიქცა.
თავდასხმის შედეგად სულ ორი ადამიანი დაიღუპა. კიდევ სამი დაშავებული საავადმყოფოში რჩება.