დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატამ ბრექსიტის შესახებ ქვედა პალატის მიღებული შეთანხმება დაამტკიცა
დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა პალატამ ბრექსიტის შესახებ ქვედა პალატის მიერ მიღებული შეთანხმება დაამტკიცა. ამგვარად, უკვე შესაძლებელია დედოფლისთვის დოკუმენტის გადაგზავნა.
ლორდთა პალატაში თავდაპირველად შეთანხმებაში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოვიდნენ, თუმცა თემთა პალატამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც ზედა პალატა დათანხმდა დოკუმენტის უცვლელად დამტკიცებაზე.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ბრექსიტს განვახორციელებდით და ჩვენ ევროკავშირიდან 31 იანვარს გასვლის გზაზე ვიმყოფებით“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ბრექსიტის საკითხებში მდივანმა, სტივენ ბარკლიმ.
ახლა ლონდონსა და ბრიუსელს შორის ბრექსიტის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტმა უნდა მოახდინოს. როგორც მოსალოდნელია, კენჭისყრა შესაძლოა, 29 იანვრის სხდომაზე გაიმართოს.