დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ბრიტანეთში ქაოსის მოსაწყობად ემზადებიან
დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახურის „მი-5“-ის ხელმძღვანელის, კენ მაკკალუმის განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები ბრიტანეთში ქაოსის მოსაწყობად ემზადებიან.
ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კენ მაკკალუმმა ქვეყნის კონტრტერორისტული ცენტრის ოპერაციების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა მიზნად ბრიტანეთისა და ევროპის ქუჩებში ქაოსი მოწყობა დაისახეს.
მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ისტორიაში ყველაზე რთული და მრავალწლიანი საფრთხის წინაშე დგას. ამის მიზეზად მაკკალუმმა რუსეთის და ირანი, ასევე ტერორისტული ორგანიზაციების ქმედებები დაასახელა.
მაკკალუმის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, ევროპიდან 750-ზე მეტი რუსი დიპლომატი გააძევეს, მათგან დიდი ნაწილი ჯაშუშობაში იყო მხილებული.
მისივე თქმით, ამ ფაქტმა შეასუსტა რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლებლობები და ამჟამად ისინი იძულებული არიან მიმართონ კრიმინალებს და მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, და გადაიბირონ საბოტაჟისთვის. ამასთან, „მი-5“-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მოსკოვს არ უთქვამს უარი საკუთარ მისიაზე გამოიწვიოს ქაოსი.
მაკკალუმის თქმით, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა 2022 წლიდან 20 შეთქმულების გამოაშკარავება შეძლეს, რომელთა ორგანიზებაც ირანის მხარდაჭერით ხდებოდა. საქმე ეხება კონკრეტულ პირებზე თავდასხმის ორგანიზებასაც.
მისივე განცხადებით, ჩინეთის სპეცსამსახურები ძირითადად, სამრეწველო და სამეცნიერო ჯაშუშობით არიან დაკავებულები.