დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა ამჟამად „კონტროლს არ ექვემდებარება“
„კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა „კონტროლს არ ექვემდებარება“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა.
ჰენკოკის თქმით, ვირუსის ახალი სახეობა შედარებით სწრაფად ვრცელდება, თუმცა უფრო საშიში არ არის.
„აუცილებლად უნდა გავაკონტროლოთ. ამის მიღწევის ერთადერთი გზა სოციალური კონტაქტების შეზღუდვაა, ხოლო იქ, სადაც შეზღუდვების მეოთხე დონე მოქმედებს, ყველა ისე უნდა მოიქცეს, თითქოს მათ უკვე აქვთ ვირუსი. სწორედ ასე შევძლებთ ვირუსის გაკონტროლებას და ხალხის დაცვას“, – განაცხადა ჰენკოკმა.
ამასთან, ჯანდაცვის მდივანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება, მისი გაკონტროლება ვაქცინის მიღებამდე რთული იქნება.