დიდი ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრმა ფილიპ ლიმ „ბრექსითის“ პოლიტიკის გამო თანამდებობა დატოვა. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, მსხვერპლთა, ახალგაზრდობისა და ოჯახის იუსტიციის მინისტრის ფილიპ ლის გადადგომა ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონთან დაკავშირებით პარლამენტში დაგეგმილ კენჭისყრამდე პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთვის მნიშვნელოვანი დარტყმაა.
ფილიპ ლიმ, რომელმაც რეფერენდუმზე დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას დაუჭირა მხარი, განაცხადა, რომ მისთვის თანამდებობის დატოვება სამწუხაროა, თუმცა მიაჩნია, რომ ბრიტანეთის მთავრობის პოლიტიკა „ბრექსითთან“ დაკავშირებით აზარალებს ამომრჩევლებს.
როგორც ლიმ „ტვიტერში“ დაწერა, ის მხარს უჭერს ევროკავშირთან საბოლოო შეთანხმების შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას.
ლის თქმით, „ბრექსითი“ გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. მინისტრის განცხადებით, ის ქვეყნის ევროკავშირიდან ასეთ გასვლას მხარს ვერ დაუჭერს.
„უპასუხისმგბელობაა მოქმედება ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ“, – აღნიშნა მინისტრმა.