დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 600 ათასი ლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული სასმელი და საკვები პროდუქცია დიდ ბრიტანეთში ექსპორტზე გავიდა.
სააგენტოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დაახლოებით 600 000 ლარის ქართული პროდუქცია მოხვდა – ღვინო, თხილი და ნატურალური წვენები.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული ბიზნესკავშირები მეწარმეებმა მიმდინარე წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, საკვები და სასმელი პროდუქციის წამყვან საერთაშორისო გამოფენაზე – „IFE 2019” დაამყარეს, სადაც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით 20 ქართულმა ექსპორტიორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა პირველად წარუდგინეს ქართული ნაწარმი დიდი ბრიტანეთის ფართო საზოგადოებას.
„IFE 2019“ დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი გამოფენაა, რომელიც წელს სასმელი და საკვები პროდუქციის ინდუსტრიაში მომუშავე 1350-ზე მეტ საერთაშორისო კომპანიას მასპინძლობდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრი, ამასთანავე, აქცენტი ბიო და გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეშ მყოფ პროდუქტებზე გაკეთდა. სხვადასხვა ნიშურ პროდუქტებთან ერთად გამოფენაზე წარდგენილი იყო საფერავის ჩაი.