დიდი ბრიტანეთი რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზე ზრუნვას იწყებს
დიდი ბრიტანეთი რუსული გაზის სხვა მომწოდებლით ჩანაცვლებაზე ზრუნვას იწყებს, – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ გააკეთა.
მისივე თქმით, რუსეთი საკუთარი ენერგეტიკული რესურსით მანიპულირებს ქვეყნებზე, რომლებსაც ამარაგებს და ეს უნდა დასრულდეს.
დიდი ბრიტანეთი რუსულ გაზს დასავლეთ ევროპაში ყიდულობს. ტერეზა მეი აცხადებს, რომ ლონდონი ამ პრობლემის ევროკავშირთან განხილვას გეგმავს.
ლონდონში დარწმუნებული არიან, რომ რუსეთის მიერ სამშობლოს ღალატში ბრალდებული პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლის კვალი მოსკოვამდე მიდის.
რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან პასუხი ვერ მიიღო.
ბრიტანეთის მხრიდან წაყენებული 24-საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა.
ოფიციალურმა ლონდონმა რუსეთის ელჩი და დიპლომატები გააძევა, გაყინა ფინანსური აქტივები და გააუქმა სერგეი ლავროვის ვიზიტი.
66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან ერთად ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.