დიდი ბრიტანეთი „მაგნიტსკის შესწორებას“ „ბრექსითამდე“ ვერ აამოქმედებს
დიდი ბრიტანეთი „მაგნიტსკის შესწორებას“ „ბრექსითამდე“ ვერ აამოქმედებს

დიდი ბრიტანეთი „მაგნიტსკის შესწორებას“ „ბრექსითამდე“ ვერ აამოქმედებს. საქმე ეხება შესწორებას, რომელიც ბრიტანეთის პარლამენტმა რუსი ყოფილი ორმაგი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ მიიღო.

„მაგნიტსკის შესწორება“ „ფულის გათეთრებასთან ბრძოლის შესახებ“ ახალ კანონში შეიტანეს. ეს კანონი ითვალისწინებს იმ პირების ფინანსური აქტივების დაყადაღებას, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევებში არიან ბრალდებულები.

როგორც ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ იუწყება, დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი ძალაში, ამ ეტაპზე, ვერ შევა.

მისივე თქმით, ლონდონი ახალი სასანქციო რეჟიმის შემოღებას მხოლოდ „ბრექსითის“ შემდეგ შეძლებს.

ბრიტანეთის მთავრობაში ვერ აკონკრეტებენ, შევა თუ არა შესწორება ძალაში 2019 წელს, როდესაც გაერთიანებული სამეფო ფორმალურად დატოვებს ევროკავშირს, თუ მისი ამოქმედება 2020 წლამდე გადაიდება, როდესაც „ბრექსითის“ ე.წ. გარდამავალი ეტაპი დასრულდება.

ამის გამო დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს წერილი ლეიბორისტული პარტიის 17-მა დეპუტატმა მისწერა და უკმაყოფილება გამოთქვა.

„რუსი ჯაშუშების მიერ ბრიტანეთის მიწაზე ჩადენილი ბოროტების მიუხედავად, ჩვენ საპასუხოდ ვერაფერი გავაკეთეთ“, – ნათქვამია წერილში.