ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ნებართვების ნაწილი შეჩერდება.
როგორც „სქაი ნიუსი“ იუწყება, ლემის განცხადებით, ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო საექსპორტო ლიცენზიების შემოწმების შემდეგ, რომელმაც გამოავლინა საფრთხე იმისა, რომ იარაღი, შესაძლოა, გამოიყენონ საერთაშორისო ნორმების დარღვევით.
„ასეთი კონფლიქტის წინაშე მთავრობა ვალდებულია, გადახედოს ბრიტანულ საექსპორტო ლიცენზიებს. ეს არ არის სრული აკრძალვა, ეს არ არის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ლემიმ ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება შეეხება 350-დან დაახლოებით 30 ლიცენზიას.
ბრიტანეთი პირდაპირ წესით არ აწვდის იარაღს ისრაელს, მაგრამ ბრიტანულ კომპანიებზე საექსპორტო ლიცენზიებს გასცემს, რათა მათ შეძლონ ისრაელისთვის იარაღის გადაცემა.
ლონდონის გადაწყვეტილება იმ ფონზე გახდა ცნობილი, როდესაც დასავლური ქვეყნები მოუწოდებენ ისრაელის ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად დადოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გათავისუფლების შესახებ.