დიდი ბრიტანეთი და დანია სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ
დიდი ბრიტანეთი და დანია სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ნათქვამია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების ერთობლივ განცხადებაში.
მინისტრები აცხადებენ, რომ თანამშრომლობის გაძლიერების მიზანია, შეძლონ რუსეთის შეკავება მისი აგრესიული ქცევებისა და კრემლიდან მომდინარე საფრთხეებისგან თავდასაცავად.
მინისტრების პოზიციით, ნატო-მ უნდა შეძლოს ძალების განლაგება მისი პასუხისმგებლობის ყველა რეგიონში იმ ტემპით, რომელიც აუცილებელია მოკავშირეთა დროული დახმარების უზრუნველსაყოფად კრიზისის ან სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.
დანია და დიდი ბრიტანეთი აპირებენ თანამშრომლობის გაძლიერებას ნატო-ს სამხედრო მობილურობის მიმართულებით, ჩრდილოეთის ჯგუფისა და ორმხრივ საფუძველზე. ეს ორი ქვეყანა ევროპაში დაძაბულობის მთავარ კერად პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვართან მიგრანტთა „იარაღად გამოყენებას“, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების თავმოყრას, ყირიმის ანექსიას, კიბერთავდასხმებსა და დეზინფორმაციულ კამპანიას მიიჩნევს.
თავიანთ განცხადებაში მინისტრები საუბრობენ რუსეთისა და ბელარუსის მხრიდან დესტაბილიზაციური ქმედებების დაუშვებლობაზე და ამბობენ, რომ უკრაინაში კრემლის ნებისმიერი სახით შეჭრა მნიშვნელოვან საპასუხო შედეგებს გამოიწვევს.