დიდი ბრიტანეთი ავღანეთში სამხედროების რაოდენობას თითქმის გააორმაგებს
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავღანეთში სამხედროების რაოდენობის თითქმის ორჯერ გაზრდას გეგმავს. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ავღანეთში კონტინგენტის გაძლიერება დიდ ბრიტანეთს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სთხოვა.
პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის განცხადებით, თალიბებისა და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების წინააღმდეგ ბრძოლაში ავღანეთის ძალების დასახმარებლად, მთავრობა ავღანეთში კიდევ 440 ჯარისკაცს გაგზავნის.
ამგვარად, დიდი ბრიტანეთის კონტინგენტი ავღანეთში 1 100 სამხედრომდე გაიზრდება.
დამატებითი ძალები ნატო-ს სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ ჩაერთვებიან, რომლის მონაწილე საქართველოცაა.
ბრიტანელი სამხედროები ქაბულში განთავსდებიან და საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ბრიტანულმა ძალებმა ავღანეთში საბრძოლო ოპერაციები 2014 წელს შეწყვიტეს.
დამატებითი ბრიტანული ძალები ავღანეთში ორ ეტაპად ჩავლენ – აგვისტოში და 2019 წლის თებერვალში.