დიდი ბრიტანეთი აფრიკული ქვეყნებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებად 70 მილიონ დოლარს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტი აფრიკული ქვეყნებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებად 70 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის პრესსამსახურში განაცხადეს.
ეს გადაწყვეტილება ოფიციალურად, სავარაუდოდ, ბრიტანეთი-საფრანგეთის სამიტზე გახდება ცნობილი, რომელიც დღეს არის დაგეგმილი.
„ამ გზით 320 ათასი ადამიანის უზრუნველყოფა მოხდება საკვებით, 255 ათასის – თავშესაფრით. ასევე 150 ათასი ადამიანისთვის შესაძლებელი გახდება სუფთა წყლის მიწოდება და უკეთესი სანიტარული პირობების შექმნა“, – ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.
ბრიტანეთ-საფრანგეთის 35-ე სამიტი ლონდონის სიახლოვეს სამეფო სამხედრო აკადემიაში გაიმართება.
სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერი ტერეზა მეი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ იმსჯელებენ.