„დიდი ათის“ მეშვიდე ტური დასრულდა
„დიდი ათის“ მეშვიდე ტური დასრულდა

„დიდი ათის“ მეშვიდე ტურის მესამე სათამაშო დღეს ორი შეხვედრა გაიმართა.

პირველ მატჩში ერთმანეთს “ლოკომოტივი” და “არმაზი” დაუპირისპირდნენ.
თამაში საინტერესო გამოვიდა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ორთაბრძოლაში ჩაიარა და “არმაზის” სამქულიანი უპირატესობით 10:13 დასრულდა. 50-ე წუთზე ოთარ მინაშვილმა „არმაზი“ ლელოთი კიდევ უფრო წინ გაიყვანა და გუნდს კომფორტული, რვა ქულიანი უპირატესობა მოუტანა. ამის შემდეგ რკინიგზელები გამოცოცხლდნენ, მეტოქეს დარჩენილ ნახევარ საათში ხუთი ლელო დაუდეს (ხიდეშელი 56′, ხიდეშელი 64′, შკინინი 67′, ფოფხაძე 72′, ჩახვაძე 77′), თავად კი მხოლოდ ერთი მიიღეს (მინაშვილი 79′) და კომფორტული, ოც ქულიანი უპირატესობით 45:25 იმარჯვეს.

ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა – ერთმანეთს გათამაშების ორი ფავორიტი “ლელო სარასენსი” და “ბათუმი” დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. თამაშის პირველი ლელო სანდრო ქოიავამ ყოფილ გუნდს თამაშის მე-14 წუთზე დაუდო, რასაც ყიასაშვილის ჯარიმა მოჰყვა. 28-ე წუთზე ბათუმმა მეორე ლელოც მიითვალა და 9 ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა ყიასაშვილი საჯარიმო დარტყმებს ზუსტად ასრულებდა და პირველი ტაიმი ფრედ 12:12 დასრულდა.

არანაკლებ დრამატული იყო მეორე ტაიმი – ამჯერად წინ “ლელო სარასენსი” გავიდა – 19:12 (მამუკაშვილი 44′). 52-ე წუთზე “ბათუმმა” ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ კი ორი გუნდის დამრტყმელების ორთაბრძოლა დაიწყო. ბახვა კობახიძემ საჯარიმო დარტყმით ორჯერ გაიყვანა “ბათუმი” წინ, თუმცა ირაკლი ყიასაშვილმა ორივეჯერ გაათანაბრა. მატჩის ბედი შეხვედრის ბოლო წუთზე ოთარ ბარკალიას მიერ დარტყმულმა ზუსტმა არეკნმა გადაწყვიტა. “ლელო სარასენსი” 28:25 “ბათუმი”.

შვიდი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ქუთაისის “აია”-ა, შვიდი მატჩიდან შვიდი მოგება და 29 ქულა. მეორე ადგილზე 22 ქულით “ლელო სარასენსია“. 21-21 ქულით მესამე მეოთხე ადგილს რუსთავის “ხარები” და გორის “ჯიქი” იყოფენ. მეხუთე ადგილზე 19 ქულით “ლოკომოტივია”. საპლეიოფოექვსეულს “ბათუმი” ასრულებს, რომელსაც 18 ქულა აქვს.
სატურნირო ცხრილის ქვედა ოთხეულს “არმაზი” 13 ქულით ლიდერობს, “არმიას” ცხრა ქულა აქვს, “აკადემიას” ექვსი, ქუთაისურ “ბაგრატს” კი მხოლოდ ერთი.