“დიდი 10”-ის მერვე ტურის პირველ დაპირისპირებაში ერთმანეთს გათამაშების ლიდერი ქუთაისის “აია” და აუტსაიდერი “არმია” შეხვდნენ.
ქუთათურებმა ზედიზედ მე-8 შეხვედრაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. საბოლოო ანგარიში – “არმია” 21: 34 “აია”.
გამარჯვებული კლუბიდან თავი შუამარბმა ზურაბ ძნელაძემ გამოიჩინა, რომელმაც ჰეთრიკი შეასრულა.
ტურნირის კიდევ ერთი აუტსაიდერი ქუთაისის “ბაგრატი” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მატჩში თბილისელები დომინირებდნენ და გამანადგურებელი ანგარიშით – 45:10 იმარჯვეს.
მოქმედი ჩემპიონი გორის “ჯიქი” “ლელო სარასენსს” შეხვდა და 7:20 დამარცხდა “ლელოელთა” მხრიდან საუკეთესო “ბორჯღალოსნების” ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი იყო, რომელმაც 51-ე წუთზე შესანიშნავი ინდივიდუალური გარღვევა ლელოთი დააგვირგვინა.
წინა ტურში “ლელო სარასენთან” განცდილი მარცხის შემდეგ “ბათუმი” რუსთავის “ხარებს” ესტუმრა.
ბათუმელებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, მეტოქეს სამი უპასუხო ლელო დაუდეს და პირველი ნახევარი 24 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს.
მეორე ტაიმში “ხარები” გამოცოხლდნენ, თუმცა შეხვედრის შემობრუნება ვერ მოახერხეს. “ხარები” 14:41 “ბათუმი”.
ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს “არმაზი” და “აკადემია” შეხვდნენ. აკადემიელებს პირველ შვიდ ტურში შვიდი მარცხი ჰქონდათ და როგორც იქნა ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. შეხვედრა ძალზედ დაძაბული გამოდგა და “აკადემიამ” მცირე ანგარიშით 14:18 მოიგო.
რვა ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში 33 ქულით “აია” უდგას. მეორე ადგილზე “ლელო სარასენსია”, რომელსაც 26 ქულა აქვს. “ლოკომოტივი” 24 ქულით მესამეზეა და მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება “ბათუმი”. რუსთავის “ხარებს” და გორის “ჯიქს” 21-21 ქულა აქვთ და მე-5 მე-6 ადგილებს იყოფენ.
არანაკლებ დაძაბულია მდგომარეობა ტურნირის ქვედა ოთხეულში. “არმაზს” 14 ქულა აქვს, “აკადემიას” 10, “არმიას” კი 9. ქუთაისური “ბაგრატს” “აკადემიის” მსგავსად რვა თამაშიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული, თუმცა მათ წაგებულ შეხვედრებში ბონუს ქულის მოპოვებას ვერ მოახერხეს და შესაბამისად 5 ქულით ბოლო ადგილს იკავებენ.