დიდ დიღომში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა
დიდ დიღომში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში სპორტული მოედნის ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ადგილზე სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვენ.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, რაგბისა და ფეხბურთის მოედნის ტერიტორია 2008 წელს გაიყიდა და ამ ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენება იგეგმება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ადგილზე კორპუსის აშენების უფლებას არ მისცემენ.

ადგილზე იმყოფებოდნენ იმ ადგილის მესაკუთრე ოჯახებიც, სადაც მშენებლობა უნდა დაიწყოს. მათი თქმით, ადგილობრივების პროტესტი მიუღებელია, რადგან თავადაც დაზარალებულები არიან სახელმწიფოს მხრიდან. მათივე განმარტებით, წლების წინ მიენიჭათ დაზარალებულის სტატუსი და ტერიტორია მერიამ გადასცა, რათა 20-ზე მეტმა დაზარალებულმა ოჯახმა შეძლოს სახლების აშენება.

ადგილობრივი მოსახლეობა მერიისგან ითხოვს, რომ დაზარალებულ ოჯახებს კორპუსის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილი შესთავაზონ.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მერიაში განუცხადეს, საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.