დიდ დიღომში, ე.წ. ანბანის სკვერთან 18-მეტრიანი ავტობუსების ჰაბი მოეწყობა
დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ანბანის სკვერთან 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის სკვერის სამშენებლო ნარჩენებისგან გაწმენდა მიმდინარეობს, რის შემდეგაც არსებული სივრცე მოწესრიგდება.
„2018 წლის ივლისში „გუდვილთან“ მდებარე ე.წ. ანბანის სკვერში მიმდინარე მშენებლობა შევაჩერეთ, ხოლო გასულ წელს შევძელით, ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოგვესყიდა და დაგვებრუნებინა უბნისთვის. აქ უკვე დასრულდა არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება. უახლოეს მომავალში, ამ ტერიტორიაზე კვლავ აღდგება ანბანი, მოწესრიგდება არსებული სივრცე. გარდა ამისა, განთავსდება 18-მეტრიანი ავტობუსების გადასაჯდომი ჰაბი, რაც დიდი დიღმის სატრანსპორტო საკითხების მოგვარებისათვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.