დიდ დიღომში, ანბანის ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო
დიდ დიღომში, ანბანის ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, ე.წ. ანბანის ინსტალაცია განახლდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

კეთილმოწყობილი სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

„აქ რამდენიმესართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო. კერძო პირს ჰქონდა ნაყიდი ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა ყოფილიყო და ფაქტობრივად, მშენებლობა დაწყებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვზე მოვუსწარით. ადგილობრივ მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებდით და სკვერს განახლებულს, რეაბილიტირებულს დავუბრუნებდით. თქვენ ხედავთ, რამდენად კარგი პროექტია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ სპორტული მოედნების, სკვერების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ და ვერ განხორციელდება მშენებლობები. ეს არის ძალიან პრინციპული. დიდ დიღომს კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, 3800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. გარდა ანბანის რესტავრაციისა, მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და სკამები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 314 887 ლარი დაიხარჯა.