დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 12 დეკემბერს გაიმართოს
დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, 12 დეკემბერს გაიმართოს. პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, თუ კანონმდებლებს ბრექსიტის საკითხზე ბრიუსელთან მიღწეული შეთანხმების საბოლოოდ დამტკიცებამდე მისი განხილვისთვის მეტი დრო სჭირდებათ, მათ ამ დროს მისცემს, თუმცა თემთა პალატას მოუწევს, თანხმობა განაცხადოს არჩევნების 12 დეკემბერს ჩატარებაზე.
თემთა პალატამ ბრექსიტის კანონპროექტს შუალედური მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. თუმცა, მის საბოლოოდ დასამტკიცებლად, თემთა პალატაში კიდევ ერთი კენჭისყრაა საჭირო. პრემიერი კანონმდებლებს დოკუმენტის დაჩქარებული წესით, სამი დღის ვადაში განხილვას სთავაზობდა, მაგრამ თემთა პალატის წევრებმა მის წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.
ევროკავშირის დასატოვებლად კი ლონდონს დრო 31 ოქტომბერს ეწურება. ახლა გაერთიანებული სამეფო ბრიუსელის გადაწყვეტილების მოლოდინშია, რომელიც დიდი ალბათობით, ბრექსიტის ვადას კიდევ სამი თვით, 31 იანვრამდე გაახანგრძლივებს.