დიდ ბრიტანეთში ქალმა კანონმდებლებმა მეგან მარკლს მხარდაჭერა გამოუცხადეს
დიდ ბრიტანეთში ქალმა კანონმდებლებმა მეგან მარკლის მხარდასაჭერად წერილი გამოაქვეყნეს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. საქმე ეხება მედიის მიერ სასექსის ჰერცოგინიას პირადი წერილის გამოქვეყნების საკითხს.
მხარდამჭერი წერილის ორგანიზატორი „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენელი, ჰოლი ლინჩია. მის მიერ გამოქვეყნებულ წერილს კი, 71 ქალი კანონმდებლის ხელმოწერა აქვს.
„ ყველა პოლიტიკური შეხედულების წარმომადგენელ ქალ კანონმდებლებს გვსურს, გამოვხატოთ სოლიდარობა თქვენს მიმართ. სოლიდარობა ეხება ჩვენი, ეროვნული გაზეთების მიერ თქვენზე დაწერილ მცდარ ინფორმაციაზე თქვენს წინააღმდეგობას“, – აღნიშნულია კანონმდებლების ერთობლივ განცხადებაში.
რამდენიმე კვირის წინ, პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა ბრიტანულ გამოცემა „მეილ ონ სანდეის“ სასამართლოში უჩივლეს. მიზეზი სასექსის ჰერცოგინიას პირადი წერილის გამოქვეყნება გახდა, რომელიც გამოცემამ რამდენიმე თვის წინ გაასაჯაროვა. პრინც ჰარის განმარტებით, გამოქვეყნებული წერილის შინაარსი ისეთი ფორმით არის რედაქტირებული, რომ მკითხველს მის ავტორზე არასასურველ შთაბეჭდილებას უქმნის.
სარჩელის მოგების შემთხვევაში კომპენსაციის თანხას პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სიცრუის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას მოახმარენ.