დიდ ბრიტანეთში ჩასული დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „სიენენს“ აკრიტიკებს
დიდ ბრიტანეთში ჩასული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტელეკომპანია „სიენენს“ აკრიტიკებს. დონალდ ტრამპმა „სიენენთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ორი პოსტი გამოაქვეყნა და მედიასაშუალებას ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში დასდო ბრალი. ტრამპის აზრით, ტელეკომპანია მსოფლიოს აშშ-ზე მცდარ წარმოდგენას უქმნის. აშშ-ის პრეზიდენტმა „სიენენის“ მფლობელ კომპანიას AT&T-ს ამაზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
„ახლახანს ჩამოვედი გაერთიანებულ სამეფოში. ერთადერთი პრობლემაა, რომ აშშ-დან ახალი ამბების ხელმისაწვდომი მთავარი წყარო „სიენენია“. ცოტა ხნით მისი ყურების შემდეგ, გავმორთე. სულ ნეგატიური და ამდენი ყალბი ახალი ამბავი ძალიან ცუდია აშშ-სთვის. რეიტინგის დიდი ვარდნა. რატომ არ აკეთებს მისი AT&T მფლობელი რამეს?“, – დაწერა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“დონალდ ტრამპმა.
„მჯერა, რომ თუ ხალხი შეწყვეტს AT&T-ს გამოყენებას ან გამოწერას, ისინი იძულებული იქნებიან დიდი ცვლილებები განახორციელონ „სიენენზე“, რომელიც რეიტინგებში მაინც კვდება. ის ასეთი უსამართლოა ცუდი, ყალბი ახალი ამბებით. რატომ არ მოქმედებენ? როდესაც მსოფლიო უყურებს „სიენენს“, მათ აშშ-ს ყალბ სურათს აძლევენ. სამწუხაროა!“, – დაწერა ტრამპმა.