დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ „შემდგომი ქმედებების“ განხორციელების შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებენ
დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ „შემდგომი ქმედებების“ განხორციელების შემთხვევაში, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებენ

უკრაინის წინააღმდეგ „შემდგომი ქმედებების“ განხორციელების შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს გააძლიერებს, რომელიც გავლენას მოახდენს იმ ბიზნესებსა და კერძო პირებზე, რომელთაც კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ხაზინის მდივანმა, საიმონ კლარკმა ტელეარხ „სქაი ნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

კლარკის თქმით, გაერთიანებული სამეფო სანქციების გამოყენების კუთხით უფრო მეტად გადამწყვეტად მოქმედებს, ვიდრე ევროკავშირის ბევრი სახელმწიფო.

„ბრექსიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთი პუტინის რეჟიმის ქმედებების ერთ-ერთი წამყვანი მოწინააღმდეგეა. თქვენ თუ ევროკავშირს გადახედავთ, გერმანიის მსგავსი ქვეყნები ამ კრიზისის პასუხს აჭიანურებენ“, – განაცხადა კლარკმა.

არსებული ცნობებით, მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის საგარეო უწყება ამ კვირაში წარადგენს გეგმებს რუსეთის ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე.