გაერთიანებულ სამეფოსა და ჰოლანდიაში ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართა.
ეგზიტპოლების მიხედვით, ნიდერლანდებში მემარცხენე-ცენტრისტული ლეიბორისტული პარტია „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ. მათ 26-დან ხუთი მანდატი მოიპოვეს. მემარჯვენე ცენტრისტულ „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და „ევროპის ლიბერალ-დემოკრატიულ ალიანსს“ კი, ოთხ-ოთხი მანდატი აქვს.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, ეგზიტპოლების გამოქვეყნება აკრძალულია. ბრიტანელები ევროპარლამენტის 73 წევრს ირჩევენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გაერთიანებას უახლოეს მომავალში დატოვებს. მიმდინარე არჩევნებში მათი მონაწილეობა მხოლოდ ევროკავშირიდან გასვლის პროცესის გაჭიანურებამ განაპირობა.
დღეს ხმის მიცემის პროცედურა ირლანდიასა და ჩეხეთში დაიწყება, ხვალ, 25 მაისს კი – ლატვიასა და მალტაში.
ევროკავშირის 28 ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება 426 მილიონ მოქალაქეს აქვს. ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 27 მაისს, გამთენიისას გახდება ცნობილი.
სწორედ ევროპარლამენტის არჩევნებმა უნდა განსაზღვროს ბრიუსელის პოლიტიკა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.