დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე იმსჯელეს
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე, სახელმწიფო სტრუქტურების მონაცემების გაციფრულებასა და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებაში ქართული დიასპორის ჩართულობაზე იმსჯელეს.
დეპუტატებს Startup Gregoria-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტარტაპების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ, ლაშა გორგოშიძემ „ტექსტარსის სტარტაპ დღეების“ თაობაზე ინფორმაცია გააცნო.
მომხსენებელმა ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
სხდომაზე ასევე მოუსმინეს ქართველი სტარტაპების მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის, „გლობალაიზის“ (Globalize) დამფუძნებელს, სალომე კუკავას.
მომხსენებელმა თავის გამოსვლაში ყურადღება კომპანიის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.
კომიტეტის სხდომაში, ონლაინ ფორმატში, მიიღეს მონაწილეობა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პროექტების მიმართულებით დაინტერესებულმა დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული სტარტაპ კომპანიების მიმართ მხარდაჭერა.
„მინდა, ყველა პლატფორმას, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ვინც დაეხმარება სხვადასხვა მიმართულებით ქართულ კომპანიებს, ვუთხრა, რომ ყველას მიმართ ვართ გახსნილნი როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლება. რაც უფრო მეტნი ვიქნებით, უფრო მალე გავაგონებთ მთელ ინდუსტრიას მსოფლიოში ხმას“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
აღსანიშნავია, რომ კომიტეტის ბოლო სხდომაზე ბექა ოდიშარიამ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში და სუამში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, გიორგი ზაქარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.