დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს
საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის, ირაკლი მხეიძის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
მისი თქმით, პროგრამის მიზანია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალურ-ეკონომიკური რეინტეგრაციის მხარდაჭერა და საზღვარგარეთ განმეორებითი არალეგალურად გამგზავრების შემცირება.
„მიგრანტებს ვეხმარებით 4000 ლარის ფარგლებში. 2022 წელს, ჩვენი მიგრანტების საჭიროებების გათვალისწინებით, 254 პროექტი დავაფინანსეთ. 2023 წლის ბიუჯეტი არის 650 000 ლარი და ვფიქრობთ, რომ საშუალოდ 250 დაბრუნებულ მიგრანტს დავაფინანსებთ“, – განაცხადა ირაკლი მხეიძემ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს თანამშრომლობისთვის და ამ მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მოგცეთ პირობა, რომ ეს პლატფორმა სულ გექნებათ. აქტიური თანამშრომლობის ხარისხი შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.