დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდებიან
დიასპორის წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დაჯილდოვდებიან

პროექტის „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ ფარგლებში გამარჯვებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები დღეს დაჯილდოვდებიან.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

„პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრისა (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ორგანიზებით და მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები და მოღვაწე თანამემამულეებისა და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენას, ვისაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების, საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის, მეცნიერების პოპულარიზაციაში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

მათივე ცნობით, კანდიდატებს დაჯილდოების ცერემონიისთვის წარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა და გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, შემდეგ ნომინაციებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი; მეცნიერებაში შეტანილი წვლილი; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილი; ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი და საქართველოს უცხოელი მეგობარი.

გამარჯვებული ჯილდოვდება ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობისა და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლით.

დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკრებულოში დღეს, 18:00 საათზე გაიმართება.