დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს
დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, ბექა ოდიშარიას კანდიდატურა კენჭისყრაზე უახლოეს დღეებში დადგება.

რაც შეეხება ზვიად კვაჭანტირაძეს, მან საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უკვე ოფიციალურად დატოვა. არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ზვიად კვაჭანტირაძე ამ პოსტზე სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იყო წარდგენილი და შესაბამისად, გუნდიდან ოფიციალურად წასვლის შემდეგ ის ამ პოსტს ვეღარ შეინარჩუნებს.

„ზვიად კვაჭანტირაძემ უკვე ოფიციალურად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის რიგები. ის იყო უმრავლესობის მიერ წარდგენილი ამ პოზიციაზე. შესაბამისად, უკვე მივიღებთ საკადრო გადაწყვეტილებას. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარვადგენთ და შესაბამისად, მაღალი ალბათობით დავამტკიცებთ ბატონ ბექა ოდიშარიას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.