დიასპორის ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ დღეს თემატურ შეხვედრებს ეთმობა.
ფორუმის მონაწილეები სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში განათლების, კულტურის, ბიზნეს კავშირების განვითარების, სახალხო დიპლომატიის და სხვა მიმართულებით იმსჯელებენ. დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ საკუთარი ხედვები მათ მიერ შერჩეულ პრიორიტეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით და გაუზიარონ შეხვედრის სხვა მონაწილეებს პროფესიული გამოცდილება.
ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან. აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დიასპორის წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ.
დიასპორის წარმომადგენლები დღესვე პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას და გვირგვინით შეამკობენ გმირთა მემორიალის. დიასპორული ფორუმი 2019 კულტურული პროგრამით დასრულდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ფორუმი „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ 27 მაისს გაიხნა. ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას.
ფორუმში 400-მდე სტუმარი მონაწილეობს, მათ შორის, დიასპორის 120 წარმომადგენელი 25 ქვეყნიდან.