დიანა იაბლონსკა - ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანგარიში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობის შესახებ, რომელიც აჩვენებს, რომ წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველია
შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. გამოწვევები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონკრეტული რეფორმების წარდგენა მათი ძლიერი იმპლემენტაციით. ჩვენ, ევროკომისია აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ, – ამის შესახებ ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის, საქართველოს, მოლდოვის და ეკონომიკური ინვესტიციების გეგმის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, დიანა იაბლონსკამ განაცხადა.
როგორც მან ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ განახლებულ მონაცემებს 19 ივნისისთვის ელოდებიან, თუმცა გაფართოების შესახებ ანგარიში შემოდგომაზე გამოქვეყნდება, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთ საკვანძო რეფორმაზე მუშაობის გაგრძელება შეიძლება 19 ივნისის შემდეგაც.
„საქართველოს საზოგადოება ნამდვილად ძლიერ უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას. ასევე, აღტაცებას იწვევს, როგორ უჭერენ მხარს საქართველოს მოქალაქეები, ქართველი ხალხი მათ, ვინც მსოფლიოში ყველაზე მეტად იტანჯება. ძალიან შთამბეჭდავია საქართველოში, თბილისში არა მხოლოდ დროშების, არამედ მხარდამჭერი ნახატებისა და სხვა სიმბოლოების ხილვა. საქართველოს საზოგადოების სურვილი და ქართველი ხალხის მისწრაფება ევროინტეგრაციისადმი ძალიან ნათელია. მინდა, ხაზი გავუსუვა, რომ ეს არის დიდი ღირებულება, ასევე, გაფართოების პროცესისთვის უზარმაზარი ფუნდამენტი. გაფართოების გზაზე არსებული სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელთა მოსახლეობაშიც არ არის მხარდაჭერის ასეთი მაღალი მაჩვენებელი, ხალხის მხარდაჭერა მრავალი რეფორმის სწრაფად გატარების საშუალებას იძლევა. ეს არის დიდი კაპიტალი და დიდი საფუძველი, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის გაფართოების კუთხით. მინდა, ხაზი გავუსვა სხვა მნიშვნელოვან ასპექტსაც, ეს არის ეფექტიანი საჯარო მმართველობა.
ახლახან საქართველომ წარმოგვიდგინა გაფართოების გზაზე პირველი შენატანი – მოკლედ, კარგად მომზადებულად და დროულად, ასევე, როგორც აღვნიშნე, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანგარიში კანონმდებლობასთან საქართველოს შესაბამისობასთან დაკავშირებით, რომელიც აჩვენებს, რომ არის წინსვლის მნიშვნელოვანი საფუძველი.
ახლა ჩვენ ვიმყოფებით პერიოდში, როდესაც ყველა ქვეყანამ უნდა წარუდგინოს ევროკომისიას განახლებული ინფორმაცია ივნისის შუა რიცხვებისთვის. ეს იქნება მნიშვნელოვანი მომენტი რეფორმების, 12 პრიორიტეტის შესრულების მხრივ და ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის პრეზენტაციისთვის. ჩვენ ველოდებით განახლებულ მონაცემებს 19 ივნისისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი თარიღი არის შემოდგომა, როდესაც გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება, რაც ნიშნავს, რომ ზოგიერთი საკვანძო რეფორმის გაგრძელება შეიძლება 19 ივნისის ვადის შემდეგაც. ასე რომ, შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. გამოწვევები არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია კონკრეტული რეფორმების წარდგენა მათი ძლიერი იმპლემენტაციით. რა თქმა უნდა, ჩვენ, ევროკომისია აქ ვართ, რომ დაგეხმაროთ. ჩვენ გთავაზობთ მხარდაჭერას, ყოველთვის მოხარული ვართ, განვიხილოთ ესა თუ ის საკითხი. ჩვენ გთავაზობთ ჩვენს ხელთ არსებულ მრავალ ინსტრუმენტს, რომლებიც გულისხმობს ექსპერტულ მხარდაჭერას, ინფორმაციის მიწოდებას და დისკუსიებს, ასევე, მხარს გიჭერთ ფინანსური დახმარებით. ეკონომიკის და რეფორმების მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდისთვის. ყველამ ვიცით, რომ ინვესტიციებს სჭირდება შესაბამისი საინვესტიციო კლიმატი. ჩვენ საქართველოსთვის უმსხვილესი დონორი ვართ და გავაგრძელებთ ფინანსური მხარდაჭერას“, – განაცხადა დიანა იაბლონსკამ.