„დი ველტი“ - უკრაინაში შეჭრამდე გამართულ შეხვედრაზე, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ნატო არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება კი უახლოეს 30 წელიწადში არ მოხდებოდა
უკრაინაში შეჭრამდე გამართულ შეხვედრაზე, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ ნატო არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება კი უახლოეს 30 წელიწადში არ მოხდებოდა, – აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა „დი ველტი“ წერს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინი დაადანაშაულა, რომ უკრაინაზე თავდასხმა სრულიად აბსურდული მიზეზებით დაიწყო.
„ნატო არასდროს წარმოადგენდა საშიშროებას რუსეთისთვის“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა, რითაც უარყო ბრალდება, რომ ნატო-ს ქვეყნები არ ითვალისწინებდნენ მოსკოვის წუხილს რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების შესახებ. ამასთან, გერმანიის კანცლერმა, ვლადიმერ პუტინი დაარწმუნა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება უახლოეს 30 წელიწადში. მისი თქმით, პუტინს აბსურდული იდეები ჰქონდა და მასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა და ბელარუსი არ უნდა იყვნენ ცალკე სახელმწიფოები. ასევე, როგორც კანცლერმა აღნიშნა, პუტინს ნამდვილად ჰქონდა იდეა ფლომასტერით გაევლო ხაზი ევროპის ლანდშაფტზე და შემდეგ განეცხადებინა – „ეს ჩემია, ეს კი თქვენი“, – წერს გამოცემა.
როგორც გამოცემა წერს, შოლცმა განაცხადა, რომ პუტინმა უკრაინასთან ომი მეზობელი ქვეყნის დასაპყრობად დაიწყო, ამჟამად კი უკრაინის აღმოსავლეთით ტერიტორიების დაკავებას ისახავს მიზნად.