დღის სატრანსფერო ამბები - გორეცკა „არსენალის“ პრიორიტეტი, მალკომი მოურინიოს სამიზნე, პასტორე "სევილიაში", მაჰრეზი "სიტიში"
ლონდონის “არსენალს” გადაწყვეტილი აქვს, “შალკედან” ნახევარმცველი ლეონ გორეცკა შეიძინოს. როგორც გაზეთი The Mirror წერს, 22 წლის გერმანელის საკუთარ გუნდში ხილვა პირადად სურს ლონდონელთა დამრიგებელს არსენ ვენგერს. გორეცკა მომავალი წლის ზაფხულში “არსენალის” პრიორიტეტული სამიზნე იქნება.
გაზეთი The Sun
“ბორდოს” ნახევარმცველი მალკომი, შესაძლოა, “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდეს, – წერს გაზეთი The Sun. 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს მანჩესტერელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ითხოვს, რომელიც ამ სეზონში ბრაზილიელის თამაშით ძალიან კმაყოფილია.
მალკომს 2021 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან. ამ სეზონში მან 15 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლი გაიტანა.
გამოცემა Sports.es.
“პარი სენ-ჟერმენის” შემტევი ხავიერ პასტორე, შესაძლოა, ამ ზამთარს გადაბარგდეს ესპანეთის ჩემპიონატში, – წერს Sports.es. “სევილია” მზად არის, 28 წლის არგენტინელში 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. უფრო მეტი სათამაშო დროის მისაღებად გუნდის შეცვლა თავად ფეხბურთელსაც სურს.
უფრო ადრე, პასტორეს მიმართ დაინტერესებას “ინტერი” გამოთქვამდა.
ჟურნალი Don Balon
ჟურნალ Don Balon-ის ინფორმაციით, პრემიერლიგის ლიდერი “მანჩესტერ სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს “ლესტერიდან” 26 წლის ალჟირელი ნახევარმცველის რიად მაჰრეზის ყიდვას აპირებს. ხოსეპ გვარდიოლა აფრიკელს ხესუს ნავასის შემცვლელად განიხილავს, რომელიც სათამაშოდ “სევილიაში” გადავიდა.