დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა მომდევნო კვირიდან დაიწყება
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისთვის დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების გამარტივებული სისტემის დანერგვას იწყებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფინანსთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რეფორმისთვის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის შექმნას დაახლოებით, ორი კვარტალი სჭირდება, რომელსაც შემდგომ იმპლემენტაციის პერიოდი მოჰყვება.
ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნის პარალელურად, მომდევნო კვირის ორშაბათიდან, იწყება დღგ-ს ზედმეტობის გამარტივებულ და ლიბერალურ რეჟიმში დაბრუნების პროცედურა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანია, ბიზნესმა მყისიერად იგრძნოს აღნიშნული რეფორმით გამოწვეული უპირატესობა და დადებითი შედეგები.
„იმ სექტორებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ დღგ-ს ზედმეტობის მქონე კომპანიების აბსოლუტურ უმრავლესობას და აკმაყოფილებენ ყველა ძირითად პარამეტრს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას 5-დღიან ვადაში. ხოლო იმ კომპანიებს, რომლებსაც ობიექტური მიზეზის გამო, სჭირდებათ გარკვეული დრო ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს აღნიშნული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 14-დღიან პერიოდში და დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას იმ ოდენობით, რაც მათ ეკუთვნით. დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის სრულფასოვანი ამოქმედების შემდეგ, ბიზნესს არ ექნება შეხება ბიუროკრატიასთან“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მინისტრის განმარტებით, სპეციალურად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა და ინფრასტრუქტურა, ავტომატურ რეჟიმში დააბრუნებს დღგ-ს ზედმეტობას.
მისი თქმით, უკვე მზადდება ცვლილებები შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში, რომლებიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
„ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული რეფორმის დაწყებას და და მოუწოდებს ბიზნესს, მომავალი კვირიდან მაქსიმალურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.