დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 75-ის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 11-ის კრიტიკულია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 1 657 კოვიდინფიცირებულიდან 11 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 75-ზე მეტის კი მძიმედ ფასდება.
„კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში მკურნალობენ და მეთვალყურეობენ 1 657 პაციენტს. 1 657 ინფიცირებულიდან 11 კრიტიკულია, მძიმე პაციენტების რაოდენობამ კი 75-ს გადააჭარბა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, ახალი კოვიდინფიცირებულებიდან ინფექციურ საავადმყოფოს ერთი პაციენტი დაემატა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკული რჩება, ოთხი არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია.
„ჩვენი ცენტრის მონაცემებს რაც შეეხება, ჩვენთან 33 დადასტურებული შემთხვვეა იყო, დღეს ერთი ახალი შემთხვევა დაგვემატა და გვყავს 34 დადასტურებული შემთხვევა. ამ 34 პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულია, ოთხი არის მძიმე, დანარჩენის მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი.