დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, კენჭისყრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, შესაძლოა, კენჭისყრაზე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგეს.
საკითხი ეხება მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის ეპიზოდს.
საპარლამენტო უმრავლესობა კომისიის მხარდაჭერას არ აპირებს და მისი შექმნის ინიციატივას აჟიოტაჟის შექმნის საბაბად მიიჩნევს.
როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ საკითხს პოლიტიკური ვაჭრობით აყენებს.
„დღეს სხდომაზე გადის მეორე კომისიის შექმნის საკითხიც. ალბათ შეეცდებიან, ამგვარად დაიყოლიონ დეპუტატები, რომ გარკვეული ფორმით მხარდაჭერა მოიპოვონ, თორემ ეს კომისია ინიცირებულია დიდი ხანია. როგორც ჩანს, დღეს ყველაზე რელევანტურ დროს ნახულობენ. მგონი, თავადაც ხვდებიან, რომ ასეთი საგამოძიებო კომისიების შექმნის დროს აჟიოტაჟის შექმნაა მიზანი, ვიდრე რეალურ სიტუაციაში გარკვევა, რადგან ასეთ სიტუაციაში მათთვის ხელსაყრელი პოლიტიკური არგუმენტები არ იქნება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
რეგლამენტის მიხედვით, კომისიის შექმნას 50 ხმა სჭირდება. აღნიშნულ კომისიას, შესაძლოა, მხარი ოპოზიციის ნაწილმა არ დაუჭიროს.