2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს ორ დღეში იურიდიული ძალა აღარ ექნება
მომსახურების სააგენტო მძღოლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ 2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2018 წლის 1 აპრილამდე. მართვის მოწმობის შესაცვლელად მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.
მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლის პირველ აპრილამდე, თუმცა შეცვლილია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და არ არის საჭირო მათი გამოცვლა.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.
თუ მძღოლი ძალადაკარგული მართვის მოწმობით მართავს ავტომობილს, 500 ლარით დაჯარიმდება, როგორც მართვის მოწმობის არმქონე პირი.
მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის პირველი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდა 2014 წლის პირველი მარტიდან. ცვლილების ამოქმედებისთანავე მომსახურების სააგენტოში მართვის მოწმობების შეცვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს.