წლის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიალს დღეს 21:00 საათიანი „მოამბე“ პირდაპირ ეთერში გააშუქებს
დღეს წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალს 21:00 საათიანი „მოამბე“ პირდაპირ ეთერში გააშუქებს.
ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს „ლიბერთი ბანკი“ დააჯილდოებს.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.
ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.
2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:
ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი;
ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;
ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი;
მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;
ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, ტელეკომპანია „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.