ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შადრევნის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ დირექტორი და თანამშრომლები დაიკითხებიან
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე ბრალდებული მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
როგორც პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, დღეს შადრევანის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ დირექტორი და სხვა თანამშრომლები დაიკითხებიან. მისივე თქმით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ პროექტში ცვლილებების საქმის კურსში თავად არ იყვნენ და მათი ბეჭედი, ასევე ხელმოწერები გაყალბებულია.
რაც შეეხება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, პროკურორის განმარტებით, მას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. ბრალდების პოზიციით, მას ექსპერტიზის ჩატარება ევალებოდა ხელშეკრულების მიხედვით, რის საფუძველზეც სამუშაოები უნდა ჩაებარებინა, რაც არ გააკეთა.
დაცვის მხარე ბრალდებას უარყოფს. როგორც გიგაშვილის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განაცხადა, მოწმეების ჩვენებებით ჩანს, რომ დამატებითი ცვლილებების საქმის კურსში იყვნენ „ელემსის“ თანამშრომლები და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, გიგაშვილს კი ექსპერტიზის ჩატარების ვალდებულება არ ჰქონია.
ვაკის პარკის ტრაგედიის გამოყოფილ საქმეზე, გიგაშვილის გარდა, ბრალდებულია ერთი ექსპერტი და სამი იურიდიული პირი. ამ საქმის გარდა ცალკე წარმოებად მიმდინარეობს ცხრაპირიანი საქმის განხილვა, სადაც ერთ-ერთი ბრალდებული „გრინსერვისის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძეა.