დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავი აღინიშნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 18 ნოემბერი საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის საზეიმო თარიღია, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობების დამყარებიდან 25 წელი შესრულდა.
სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი დღის აღსანიშნად გაიცვალა მისალოცი წერილები პრეზიდენტების, პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ბაქოში საქართველოს საელჩომ გამართა საზეიმო ღონისძიება.
„დღეს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით საზოგადოების წინაშე კონცერტით წარსდგება განჯის სახელმწიფო ფილარმონიის კამერული ორკესტრი.
საქართველოსა და აზერბაიჯანს სტრატეგიული პარტნიორობა და საიმედო კეთილმეზობლობა აკავშირებს, რაც ემყარება ერებს შორის ისტორიულ მეგობრულ კავშირებს. ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
საქართველო არის აზერბაიჯანის ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელი და ასევე მათი ტრანზიტისათვის საიმედო პარტნიორი.
ქვეყნებს შორის დამკვიდრებულია მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო გააქტიურდა ამ საიუბილეო წელს.
2017 წლის 12-13 თებერვალს გაიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში.
2017 წლის 16-17 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბაქოს მე-5 გლობალური ფორუმის მუშაობაში – „საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი“;
2017 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის გახსნის ცერემონიალში, რომელიც ქ. ბაქოში გაიმართა.
2017 8 ოქტომბერს – სუამის მინისტერიალის ფარგლებში შედგა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონ ელმარ მამედიაროვის ვიზიტი საქართველოში.
აქტიურია სამმხრივი ურთიერთობები საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორმატში, რომელიც ემსახურება რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერებას, სექტორული თანამშრომლობის განვითარებას. აღნიშნული თანამშრომლობა ინიცირებულია საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. 2017 წლის 6 სექტემბერს ქ. ბაქოში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრთა მეექვსე სამმხრივი შეხვედრა. თანამშრომლობა ასევე მიმდინარეობს დარგობრივი სამინისტროების დონეზე – 2017 წლის 17 თებერვალს ქ. სტამბოლში გაიმართა ეკონომიკის მინისტრთა მეხუთე შეხვედრა. 2017 წლის 23 მაისს – საქართველოში გაიმართა თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა. 2017 წლის 19 ივლისს – ქ. ბაქოში გაიმართა პირველი სამმხრივი შეხვედრა ფინანსთა და საბაჟო მინისტრებს შორის. 2017 წლის 18 ოქტომბერს – საქართველოში გაიმართა გენერალური შტაბების ხელმძღვანელთა მეორე შეხვედრა.
სტაბილური და წარმატებული აზერბაიჯანი უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნების და ერთობლივი პროექტების წარმატებულად რეალიზაციის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში ქვეყნების რეგიონალური თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია – ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის რეალიზაცია. ბაქოში, მ.წ. 30 ოქტომბერს გამართულ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საზეიმო გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრმა. მოცემული პროექტის პრაქტიკული რეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონის მნიშვნელობის გაზრდას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კომუნიკაციების, კავშირებისა და ტვირთბრუნვის გააქტიურებას, რაც თავის მხრივ სტაბილური ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაზრდის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს.
საქართველო დაინტერესებულია ენერგეტიკის სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი განვითარებით. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სამხრეთის ენერგეტიკული კორიდორის განვითარებას, მისი ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდას ორი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების მიზნით საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში მე-4 პოზიციას იკავებს.კერძოდ, სავაჭრო ბრუნვა 2017 წლის იანვარ – ნოემბრის მონაცემებით შეადგენს 744.298 მლნ აშშ დოლარს; მათ შორის ექსპორტი – 221.814 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი – 522.484 მლნ აშშ დოლარი.