დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.
ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს ცნო.
საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავი შარშან მასშტაბურად აღინიშნა.